პროექტის შესახებ

მეხილეობის განვითარებისათვის კახეთის რეგიონი გამოირჩევა განსაკუთრებულად სახარბიელო ბუნებრივ-კლიმატური პირობებით. სხვადასხვა სახეობის ხილზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ხილის ბაზრის მოთხოვნილებების და ამ პროდუქციაზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს მეხილეობის სექტორის განვითარების მამოძრავებელ ძალას. კახეთის რეგიონში მეხილეობის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დადებით შედეგს გამოიწვევს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ამ საკითხის განვითარების მიზნით, კახეთის რეგიონში ხორციელდება „მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“, რომელიც ფინანსდება HEKS/EPERის მიერ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს: 

კახეთის რეგიონის ხილის მწარმოებელი მცირე და საშუალო ფერმერების ცხოვრების დონის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო მეურნეობებში წარმოებისა და რენტაბელობის ამაღლებით; რაც გამოიხატება:

  1. თანამედროვე ტიპის მეხილეობის საკითხებში ცოდნის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაში;
  2. თანამედროვე ტიპის ჯიშების და ნერგების ხელმისაწვდომობის გაზრდაში;
  3. ფერმერთა ჯგუფების უკეთ ორგანიზებაში და საბაზრო კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში:

დღეისათვის ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შექმნილია თანამედროვე ტიპის ხეხილის 4 სადედე ბაღი და სანერგე მეურნეობები. გაშენებულია: ბლის, ალუბლის, ქლიავის, ტყემლის, ალუჩის, გარგარის, ნუშის, ხურმის, ატმის, ვაშლატამას, ბროწეულის, თხილის, ჟოლოს, მაყვლის და მოცხარის სხვადასხვა ჯიშების სადემონსტრაციო ბაღები. გაკეთებულია ამავე კულტურების სანერგე მეურნეობები. სანერგე და საძირე მასალა შემოტანილია თურქეთიდან.

ნერგის მწარმოებლებისათვის, რეგიონში მეხილეობით დასაქმებულთა და დაინტერესებულ ფერმერებისათვის სისტემატიურად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები მეხილეობის განვითარების სხვადასხვა საკითხებზე.

ჩატარებულია (და მომდევნი წლებშიც გაგრძელდება) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საკონსულტაციო სამსახურების და ფერმერთა მომსახურების ცენტრების გადამზადება მეხილეობის საკითხებში, რათა მათ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და სრულფასოვანი კონსულტაციები გაუწიონ კახეთი მეხილეობით დასაქმებულ მოსახლეობას.

ხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის ახალი სტაბილური ბაზრების მოძიების მიზნით დაგეგმილია მათი დაკავშირება ხილის შემსყიდველ, შემნახველ და გადამამუშავებელ კომპანიებთან.